16 ნოემბერს, საქართველო არ დაესწრო გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრას, რომელიც გმობდა ირანში ადამიანის უფლებების მასობრივ ხელყოფას. ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს რეგიონის ავტორიტარულ ძალებს. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ კენჭისყრაზე ირანის რეჟიმის დაგმობისგან თავის შეკავებით ხაზი გაუსვა საკუთარ ცივილიზაციურ არჩევანს რუსეთ-ირანის ალიანსის სასარგებლოდ.
ბოლო კვირების განმავლობაში, ირანთან დიპლომატიური კომუნიკაცია აწარმოა და მომავალში ირანთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარების შესაძლებლობა განიხილა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ უპირისპირდება ქართული საზოგადოების ევროპულ არჩევან და ამასთან ერთად, უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საწინააღმდეგო ქმედებებსაც. ეს ყოველივე შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს ღალატი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას პასუხი არ გაუცია კითხვაზე, რატომ მისცა საქართველოს საჰაერო სივრცის კვეთის ნებართვა სამხედრო დანიშნულების აეროპორტიდან აფრენილ და რუსეთისკენ მიმავალ ირანულ ტვირთს.
ირანში ადამიანის უფლებათა ხელყოფის შესახებ კენჭისყრას არ დაესწრნენ, ანუ არსებითად თავისუფლებისთვის მებრძოლი ირანის მოქალაქეების მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს ისეთმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც ან ირანთან მჭიდრო გეოპოლიტიკური კავშირები აქვთ, ან თავად არიან მართულნი ავტორიტარული რეჟიმების მიერ. მაგალითად: ავღანეთი სომალი ვენესუელა. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირანისა და რუსეთის გეოპოლიტიკურმა მოკავშირე სომხეთმა, ბელარუსმა, თავად რუსეთმა, თურქმენეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უკრაინამ და მოლდოვამ. ცხადად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას შეიძლება ვუწოდოთ ყველაფერი გარდა ევროპული და დემოკრატიული გზისა.
ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის ნებას, რადგან იგი ქვეყანას თავისუფლებისა და ევროატლანტიკურ გზაზე გაძღოლის მაგივრად რუსული ტიპის ავტორიტარიზმში ითრევს. „ქართული ოცნება“ ემეგობრება მათ, ვისაც ემეგობრება რუსეთი, ხოლო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ლანძღავს ისევე, როგორც რუსეთი.
პარტია „დროას“ გვჯერა, რომ ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა და უკომპრომისო ბრძოლა არის ის, რაც, ჩვენს ერთგულ მეგობრებთან ერთად, გაათავისუფლებს საქართველოს საზოგადოებისთვის მარგინალური, რუსულ-ავტორიტარული ბუნების ხელისუფლებისგან და დაუმკვიდრებს მას ღირსეულ ადგილს თავისუფალ სამყაროში.