სამი პარტიის ერთობლივი განცხადება სენატორების შეფასებების შესახებ

აშკარაა “ქართული ოცნების” მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. აშშ-ს სენატორების განცხადებები და მათზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ საბოლოოდ აირჩიეს რუსეთის მხარე. სწორედ ახლა, როგორც არასდროს, დგება ერთიანობის და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.

რუსეთის აგრესიის შედეგად, დასავლეთსა და რუსეთს შორის ცივილიზაციურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია; უკრაინის თავგანწირვამ გაგვიხსნა უნიკალური გეოპოლიტიკური შესაძლებლობები - საფუძველი ეყრება ჩვენი რეგიონის მომავალს. ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები იძულებულს ხდის ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე მტკიცე საერთაშორისო გარანტორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისაუბროს არა ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარებასა და ეკონომიკური აღორძინების გეგმებზე, არამედ საქართველოში არსებულ ტოტალურ რეგრესზე. რეგიონში ძალთა ახალი გადანაწილების პირობებში საქართველოს იზოლაცია პარტნიორებისგან არის „ქართული ოცნების“ გააზრებული მოღალატეობრივი პოლიტიკა, სახელმწიფოს ღალატი.

„დემოკრატიის უზარმაზარი უკუსვლა“ - ასე შეფასდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები 16 ნოემბერს სამხრეთ კავკასიის შესახებ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე. სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არა მხოლოდ გააკრიტიკეს დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის მიმართ საქართველოს მთავრობის ქმედებები, არამედ ისაუბრეს საქართველოსთვის დახმარების პირობითობაზეც კი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა დამოკიდებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ „ქართული ოცნების მცდელობები, შეცდომაში შეიყვანოს დასავლეთი და საკუთარი თავი პროდასავლურ ძალად წარმოსახოს, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის არის დამაჯერებელი. აშშ-ის სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნდნენ, რომ „ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რაც, აშშ-ის აზრითაც, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა.

უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სწორად შევაფასოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, რათა შევძლოთ სწორი ნაბიჯების გადადგმა. სენატის მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აშშ-საც ცხადად აქვს გაცნობიერებული საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების სიმძიმე. სენატორებს ასევე აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის დაუღალავ ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი მთავრობის პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს. მართლაც, მთავრობის ანგარიშვალდებულებას უპირველეს ყოვლისა მოქალაქეები განაპირობებენ. ქართველი ხალხის ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის არის ის, რისი წყალობითაც თავისუფალი სამყარო ყოველთვის გვიჭერდა და დღემდე გვიჭერს მხარს. შესაბამისად, არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა და განვამტკიცოთ პარტნიორების კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ.

პოლიტიკური პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ სწორედ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო გავერთიანდით. მხოლოდ ერთად ბრძოლითაა შესაძლებელი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი ვაქციოთ რეალობად: პროდასავლელი უმრავლესობა გავათავისუფლოთ მმართველი პრორუსი უმცირესობისგან, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ვაქციოთ იგი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრად. ამ მიზნის შესრულება ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ხელშია.

 

ზურა ჯაფარიძე - „გირჩი-მეტი თავისუფლება“

გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“

ელენე ხოშტარია - „დროა“