ელენე ხოშტარიას განცხადება

ელენე ხოშტარია: უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინამ შემოიღო პერსონალური სანქციები რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ. რუსი ოლიგარქების სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები და ასევე დავით იაკობაშვილი. სანქცირებულთა სიაში მყოფ ადამიანებს, შეეზღუდებათ უკრაინაში სავაჭრო ოპერაციები, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის შესაძლებლობა შეეზღუდებათ უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა, გაუუქმდებათ და შეუჩერდებათ ყველა ლიცენზია, აეკრძალებათ ქონების პრივატიზაცია-შეძენა,შეეზღუდებათ საკუთრების უფლება და ვერ გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეს.

რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირება უკავშირდება მისი, როგორც ოლიგარქის საქმიანობას. სანქციები გამიზნულია  ოლიგარქიულ მმართველობაზე ზეწოლისთვის. მთავარი მიზეზი კი, ამ სასტიკი ომის დროს, რუსეთთან/კრემლთან პირდაპირი კავშირებია. ეს არის ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც უკრაინა დასაბუთებულად ასანქცირებს ამ პირებს.

ასევე უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გამიჯნა ქართული სახელმწიფო ქართული საზოგადოება იმ კლანისგან, რომელსაც დღეს მიტაცებული აქვს ჩვენი ქვეყანა. რუსეთთან კავშირების გამო, უკრაინამ არა საქართელო, არამედ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა დაასანქცირა. მათთან ერთად ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც, რომელიც ამ კავშირებშია ჩართული. გარდა ეკონომიკური, ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვებისა, ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი მსოფლიო სხვა ქვეყნების, უკრაინის პარტნიორების მიმართაც, რათა ისინიც შეუერთდნენ პერსონალურ სანქციებს.

პარტია „დროა“ აუცილებლად გააგრძელებს უკრაინასთან და მის პარტნიორებთან ერთად მუშაობას, როგორც სანქცირებულ ადამიანთა ისე იმ ქვეყნების სიის გაფართოებაზე, რომლებიც დასჯიან საქართველოს სახელმწიფოს მიმტაცებლებს, რუს ოლიგარქებს, რუსეთთან და კრემლთან კავშირების გამო.