სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ბენზინი საქართველოში

დღეს „ანტიკორუფციულმა მოძრაობამ“ რუსული, სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ბენზინის საქართველოში შემოტანის მტკიცებულება გაასაჯაროვა.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად,  საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო გზით, რკინიგზით გარდაბნის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა რუსეთის სანქცირებული სახელმწიფო ნავთობგიგანტის, როსნეფტის კუთვნილი 81 ათასი ტონა ბენზინი.  მიმღები არის „სან პეტროლიუმ ჯორჯია“.

ეს კომპანია უკრაინის მთავრობის მიერ დასასანქცირებელთა სიაში მყოფი “Petrocas Energy Group”-ის საკუთრებაშია, თავად პეტროკასი კი ფორმალურად ასევე უკრაინის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქის დავით იაკობაშვილის და ივანე ნაკაიძის მფლობელობაშია.

იმპორტიორმა კომპანიამ, სავარაუდოდ, დამალა ინფორმაცია და ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჩაწერა, რომ პროდუქტის წარმოშობის ადგილი უცნობია და შემოსავლების სამსახურმა ასეთი ტვირთის საქათველოში შემოსვლა დასაშვებად მიიჩნია.

სავარაუდოდ, ეს არის სანქციებისთვის თავის არიდების გზა, რადგან სანქციების ქვეშ არის როსნეფტის მომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. შესაბამისად, მიმღებ კომპანიას არ სურდა გამოეჩინა ბენზინის წარმოშობის ადგილი და კავშირი სანქცირებულ ქარხნებთან.

„ქართული ოცნების“ ინტერესი რომ იყოს სანქციების რეჟიმის ზედმიწევნით დაცვა და ის, რომ საქართველო არ გახდეს სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მარშრუტი, შემოსავლების სამსახური და სხვა უწყებები მოითხოვდნენ ნავთობიმპორტიორებისგან წარმოშობის ადგილის მითითებას.

ეს არ არის სანქცირებული ნავთობპროდუქტების სავარაუდო შემოტანის პირველი შემთხვევა და როგორც აქამდე, ასე ამ შემთხვევაში, ინფორმაციას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივაწვდით.