''დროას'' განცხადება ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ბიჭვინთაში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მათ განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები. აღნიშნული ფაქტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა.

უნდა აღინიშნოს, რომ პროტესტის ნიშნად ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება მსოფლიოში შედარებით გავრცელებული პრაქტიკაა და არ არის მომხდარი ფაქტის, საქართველოს ტერიტირიული მთლიანობის ფაქტობრივი ხელყოფის, თანაბარწონადი ღონისძიება საქართველოს მხრიდან.

პარტია "დროა" მივიჩნევთ, რომ საჭიროა ბელარუსში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას გამოწვევა, ხოლო ბელარუსში ელჩის არყოფნის შემთხვევაში კი, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვითარების გარკვევამდე და ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან აფხაზეთთან მიმართებით თანამშრომლობითი პოზიციის შეცვლამდე არ დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბელარუსთან დემოკრატიული ქვეყნისთვუს შეუფერებლად მჭიდრო კავშირს, მაგალითად ბელარუსის კგბ-სთან ოფიციალურ თანამშრომლობას, მუდამ ამართლებდა იმით, რომ მსგავსი ნაბიჯი საჭიროა ბელარუსის აფხაზეთისგან დისტანცირებისთვის. ამიტომ დამატებით აუცილებლად მიგვაჩნია ბელარუსის კგბ-სთან თანამშრომლობის გაწყვეტა.

ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველომ მიხელ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო 2020 წელს ელჩი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან, უკრაინიდან გამოიწვია. 

საქართველოს მთავრობის შემდგომი ნაბიჯებით კიდევ უფრო ცხადი გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ქართულ ოპოზიციასთან წინააღმდეგობის პრინციპთან შედარებით.