დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნისგან და ამჟამად პოლიტიკური პატიმრისგან, სოსო გოგაშვილისგან მოვისმინეთ სრულიად შემაშფოთებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურები ერთმანეთთან რეგულარულად თანამშრომლობენ და იმართება საიდუმლო შეხვედრები. ამასთანავე, მოვისმინეთ ამ შეხვედრების ძალიან დეტალური აღწერა: ადგილები, გარემოებების, როგორ რა მოხდა. ეს ძალიან სარწმუნო ინფორმაციაა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გოგაშვილი ციხეში სწორედ ამ ინფორმაციის გამჟღავნების გამო ზის.
ამის შემდეგ, გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თავის დროზე, სუსის ხელმძღვანელმა, გომელაურმა დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ამასთანავე მან დააფიქსირა საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, რომ მსგავსი შეხვედრა არ წარმოადგენს პრობლემას და არ არის დანაშაული.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ეს ერთმნიშვნელოვნად არის ქვეყნის ღალატი, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის თავდასხმის, წამების, ჩენი სამხედროების და არამხოლოდ სამხედროების გმირობის ფონზე. უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე.
მინდა, ვუპასუხო გომელაურის კითხვას, არის თუ არა დანაშაული რუსეთის უშიშროების შეფთან შეხვედრა კანონით - დიახ! ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, რომელსაც შექმნილი აქვს სასაზღვრო პოლიცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის კონკრეტულად დამნაშავე უწყება, რომელთანაც ურთიერთობები კანონით ისჯება. ასევე, მისი ქმედებები ჯდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის კონტექსტში და ის ჩადის დანაშაულს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გარდა ღალატისა, ეს არის ღალატი სისხლის სამართლის კოდექსით, როდესაც მსგავსი შეხვედრები ხდება. ეს შეხვედრა ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამიტომ არ გამოვლენილა არცერთი რუსი ჯაშუში ამდენი ხნის განმავლობაში. სწორედ ეს ხნის იმას, რომ უკრაინა-რუსეთის ომში, რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველო პუტინის მხარეს არის. სწორედ ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის არა ოკუპანტს, არამედ ჩვენს პარტნიორებს, დასავლეთს, ელჩებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. სწორედ ეს ხსნის ბიძინა ივანიშვილისა და ევტუშენკოვის კონტაქტებს.
შესაბამისად ცხადია, რომ ეს არის ის კრიტერიუმები რომლებიც ჯდება პერსონალური საერთაშორისო სანქციების კონტექსტში, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ. გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ვმუშაობთ იმ გარემოცვაზე, რომელიც ხელს უწყობს ივანიშვილს რუსეთთან კონტაქტების გამყარებაში და რომელიც ხელს უწყობს ამ ოლიგარქიულ მმართველობას. ასევე, ეს ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ გავაკეთოთ დასკვნები, თუ რა ტიპის გუნდს, ბანდას აქვს ჩვენი სახელმწიფო მიტაცებული. შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ. არანაირი ილუზია არ გამაჩნია, რომ რაიმე სახის გამოძიება, რაიმე სახის პასუხისმგებლობა დადგება. ამიტომ ჩვენი, მოქალაქეების ვალია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ამას და ჩვენი, პოლიტიკოსების ბრალია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მათი პერსონალური სანქცირებისთვის.”