გაეროს მოსახლეობის ფონდის თანახმად, მსოფლიოში ყოველი მე-10 ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. საქართველოში შშმ პირთა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. საქსტატის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ისინი მოსახლეობის 3.5% შეადგენენ, რაც განსხვავდება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემისგან.
Საქართველოს კონსტიტუციის მე 11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის.
დღეის მოცემულობით, სახელმწიფო ვერ პასუხობს შშმ პირთა საჭიროებებს და ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი ვერ სარგებლობენ ადამიანის კონსტიტუციური უფლებებითა და თავისუფლებებით. მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს სტერეოტიპული დამოკიდებულებები შშმ პირთა მიმართ. სტიგმა მნიშვნელოვანი ბარიერია, რის გამოც დღემდე აწყდებიან სისტემურ დაბრკოლებებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები, უზრუნველყოს შშმ პირთა უფლებების რეალიზება; Ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის პროცესს, სადაც ყველა ადამიანი თანაბრად მიიღებს საზოგადოებრივ სიკეთეებს. 2014 წელს საქართველომ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა ჯერ კიდევ არ გადასულა კონვენციით განსაზღვრულ მოდელზე. აღსანიშნავია, ასევე, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირთან პარტნიორობის წინაპირობას წარმოადგენს.
მიუხედავად ვალდებულებებისა, წლების განმავლობაში არ გადადგმულა არსებითი ქმედითი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. კომპენსაცია, რომელსაც სახელმწიფო სოციალური პაკეტის სახით გასცემს, საარჩევნო მანიპულირების ინსტრუმენტად არის ქცეული. არსებული პრაქტიკით, შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური გასაცემლის მცირედი ზრდა წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. ის არ ითვალისწინებს ინფლაციის მაჩვენებლებს და ვერ ფარავს სხვა მოქალაქეთაგან განსხვავებულ სოციალურ ხარჯებს.
Პოლიტიკური პარტია “დროა” მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით შემდეგი ამოცანები უნდა შესრულდეს:
- უნდა დაინერგოს შშმ პირთა საჭიროებების შეფასების სოციალური მოდელი
Პოლიტიკური პარტია დროას ხედვით, შეზღუდული შესაძლებლობა წარმოადგენს ადამიანისა და გარემოს ურთიერთმიმართების შედეგს. სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იყოს კავშირში სამედიცინო მოდელთან, სადაც შეზღუდული შესაძლებლობა ნოზოლოგიად მიიჩნევა. Პარტია “დროა” ადამიანზე ორიენტირებული მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებას ისახავს მიზნად, სადაც მხარდაჭერა დაფუძნებული იქნება ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებაზე და არა განზოგადებული სამედიცინო მოდელით განსაზღვრულ პროგრამულ დაფინანსებებზე.
- შეიქმნას UNCPRD კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი
Მიუხედავად იმისა, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება 2014 წელს მოხდა, ამ დრომდე არ მომხდარა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში შშმ პირთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. პარტია “დროას” ხედვით, უნდა შეიქმნას კონვენციის აღსრულების ქმედითი მექანიზმები და დროში განსაზღვრულ ვადებში მოხდეს მათი ჰარმონიზება საქართველოს კანონმდებლობასა და სოციალური სერვისების საერთაშორისო სტანდარტებთან.
- დადგინდეს შშმ პირთა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები
Საქართველოში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზუსტი სტატისტიკა. Სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმები მნიშვნელოვნად განსხვავდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებისგან. Სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 130 046 პირი იღებს შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ გასაცემელს. რაც საქართველოს მოსახლეობის 3.5% შეადგენს. Ეს მონაცემი არაა თანხვედრაში ჯანმოს 10-15% მსოფლიო სტანდარტთან და საქსტატის 2014 წლის მინიმუმ 8.7%-თან. Პარტია “დროა” აუცილებლად მიიჩნევს, საქართველოს მოსახლეობის შემდგომ საყოველთაო აღწერისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პროფესიონალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის დაზუსტებას, რასაც შემდგომში უნდა დაეფუძნოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სერვისების საბიუჯეტო დაფინანსება.
- შშმ პირთა დიდი ზომის ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაცია
Შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ეწინააღმდეგება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის სტანდარტებს. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა თავს იჩენს მცირეწლოვან პირებთან და მოზარდებთან მიმართებით. ინსტიტუციები (ფსიქიატრიული დაწესებულებები, შშმ პირთა პანსიონატები) ხელს უწყობს ამ ჯგუფის წარმომადგენელთა საზოგადოებიდან გარიყვას და აღრმავებს იზოლაციას. Მსგავსი დაწესებულებები ადამიანს ართმევს საკუთარი ცხოვრების კონტროლის ბერკეტებს და მასზე მიმართული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას. Სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს შშმ პირთა დამოუკიდებლად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის პროცესს ადრეული ასაკიდან; ახდენდეს პრევენციას, რომლის შედეგადაც ბავშვს, ინსტიტუციური ზრუნვის ნაცვლად, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს საკუთარ ოჯახში. დეინსტიტუციონალიზება უნდა მოხდეს ინდივიდუალური მხარდამჭერი მომსახურებების შექმნის პარალელურად. Სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მცირე საოჯახო და სათემო სერვისების განვითარებას.
ამჟამად საქართველოში არსებულ ოთხ ინსტიტუციაში 32 შშმ ბავშვი და 161 ზრდასრული შშმ პირი ცხოვრობს. ასევე, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით ყოველწლიურად 300 ზრდასრული სარგებლობს.
- ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემის სრულყოფა
Შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბრად მისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლება, სადაც გათვალისწინებული იქნება პირის ინდივიდუალური საჭიროებები. Სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა დისკრიმინაციისგან თავისუფალ თანაბარ პირობებში ისარგებლონ განათლების მიღების უფლებით. Სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ბრაილის შრიფტისა და ჟესტური ენის გამოყენებას საგანმანათლებლო სისტემაში.
- Შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება
Შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დაცული უნდა იყოს თანაბარი უფლება შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებზე, რაც მოიცავს თანაბარ შესაძლებლობებსა და ანაზღაურებას ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისათვის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათთვის ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, დასაქმების სამსახურების, პროფესიული და უწყვეტი განათლების მისაწვდომობა, ხელი შეუწყოს შრომით ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებასა და სამსახურეობრივი წინსვლის შესაძლებლობებს.