რუსი ტურისტების შემოდინება საქართველოში - პარტია ‘დროას’ ხედვა

ბოლო წლებში საქართველოს საზღვარს ყოველწლიურად რუსეთის თითქმის მილიონნახევარი  მოქალაქე კვეთს (გარდა პანდემიის წლებისა). რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივი შემოსვლა მოსახლეობისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი 2022 წელს გახდა, როდესაც უკრაინაში ომის ფონზე საქართველოში რუსების შემოდინება ცხოვრების მრავალ სფეროს დაეტყო, მაგალითად უძრავი ქონების ფასებს. მხოლოდ 1-4 მარტს, სამი დღის განმავლობაში, იუსტიციის სახლს ბიზნესის რეგისტრაციის თხოვნით რუსეთის 201-მა  მოქალაქემ მიმართა, მაშინ, როცა 2019-2021 წლებში ყოველდღიურად საშუალოდ რუსეთის 5 მოქალაქე გამოთქვამდა ბიზნესის რეგისტრაციის სურვილს. რუსეთის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული 13500 კომპანიიდან დაახლოებით ნახევარი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ არის რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში საქართველო რუსული ტურიზმიდან ეკონომიკურ სარგებელს იღებდა რაოდენობის და არა ხარისხის ხარჯზე. თუკი მაგალითად 2019 წელს აშშ-ის ერთი მოქალაქე საშუალოდ 3813 ლარს ხარჯავდა, რუსეთის მოქალაქის ინდივიდუალური დანახარჯი საშუალოდ 1282 ლარს, ანუ 3-ჯერ ნაკლებს შეადგენდა. თუმცა ამერიკელ ტურისტთა რაოდენობა ახლოსაც ვერ მიდიოდა რუსეთიდან შემოსულ ტურისტულ ნაკადთან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის ყველა დოკუმენტი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვა, საქართველო არ ასრულებს დასახულ ამოცანას და ჩვენ მასობრივი ტურიზმის ქვეყნად ვრჩებით, სადაც ტურისტის მხარჯველუნარიანობაზე მეტად ტურისტთა რაოდენობა ფასობს. მასობრივი ტურიზმის მძევლად მყოფი ქვეყანა განწირულია მომსახურების დაბალი ხარისხისთვის, რომელიც დაბალბიუჯეტიან ტურისტს აკმაყოფილებს, მაგრამ განიზიდავს შედარებით შეძლებულ ვიზიტორებს, რომელთათვისაც პრიორიტეტი მომსახურების მაღალი ხარისხია და რომლებიც მზად არიან, მეტიც გადაიხადონ. საქართველო არ ცდილობს ნიშური ტურიზმის სახელმწიფოდ ქცევას, ანუ არ ცდილობს ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციასა და სტატისტიკურად მაღალმხარჯველიანი დასავლელი და ახლო აღმოსავლელი ტურისტების მოსაზიდად ეფექტური კამპანიის წარმოებას, რეკლამას, მარკეტინგს და ა.შ. ის, რომ ქვეყანა მასობრივი, პოსტსაბჭოთა, ძირითადად რუსული დაბალბიუჯეტიანი ტურიზმის ინერციის იმედად არის დარჩენილი სიმბოლურად კარგად არის გამოხატული იმითაც, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უკვე მეორე წელია არ ჰყავს ხელმძღვანელი.

მთელი მსოფლიოსთვის კოვიდ-19-ის პანდემია ტრადიციული ტურისტული კავშირების არევის მიზეზი, თუმცა ამავდროულად ახალი ტურისტული ამოცანების დასახვისა და შესრულების შესაძლებლობა გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდიც არ გამოიყენა ტურისტული ბაზრის შემდგომი დივერსიფიკაციისა და მაღალმხარჯველიან ვიზიტორთა მოსაზიდად, ანუ ტურისტული ინდუსტრიის განვითარების მორიგი შანსი გაუშვა ხელიდან.

ტურიზმი, ისევე, როგორც მაგალითად ღვინის ექსპორტი ან ენერგეტიკა, კონკრეტულ ბაზარს წარმოადგენს. 2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესა და საქართველო ენერგომომარაგების გარეშე დატოვა, რამაც ჩვენს სახელმწიფოს ბაზრის სასწრაფო დივერსიფიკაციისკენ უბიძგა, ამან კი შედეგად მოიტანა დასავლელ კლიენტზე ორიენტირებული უფრო ხარისხიანი ქართული ღვინის აღორძინება და საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებულობა რუსეთისგან. ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სულ უფრო ნაკლები ბერკეტი დარჩა.

რუსეთი რომ ტურიზმს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებს, დადასტურდა 2019 წელს გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვითაც. რუსეთის ხელისუფლება მუდმივად ხაზს უსვამს იმას, რომ თუკი საქართველო რუსეთისთვის მისაღები პოლიტიკის გამტარებელი გახდება, ფრენებიც აღდგება და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის საკითხიც დადგება დღის წესრიგში.

პარტია „დროა“ მივიჩნევთ, რომ რუსულ ტურიზმზე დამოკიდებულება არის არასტაბილური, კრემლის მიერ საქართველოს დასჯა-დასაჩუქრებაზე დამოკიდებული მოცემულობა, რაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ემსახურება. გარდა ამისა, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის არ არსებობს სავიზო რეჟიმი და რადგან საქართველოს მთავრობა ხშირად ქვეყანაში არ უშვებს რუს დისიდენტებს, ხოლო მმართველობის 10 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოუვლენიათ რუსი ჯაშუში, შეშფოთებას იწვევს ის, თუ ვინ შემოდის რეალურად საქართველოში, რა მიზნით და რამდენი ხნით. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსი დივერსანტების ნაწილი ქვეყანაში რამდენიმე თვით ადრე იყო შესული და უკრაინაში ბინადრობის უფლებასაც ფლობდა. ასევე, სამაგალითო შემთხვევაა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ფაქტი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, რასაც მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა რუსმა სამხედრო მზვერავებმა ტურისტული საფარით შეაღწიეს.

პარტია „დროა“ მივიჩნევთ, რომ გარდა მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვისა, აუცილებელია, შეიზღუდოს ქვეყანაში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელთა არატურისტული მიზნებით შემოსვლა და სავიზო პროცედურის წყალობით შემოწმდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე თითოეული ვიზიტორი.

საჭიროდ მივიჩნევთ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას, ხოლო ტურისტული ვიზების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 კვირას.

ამასთანავე:

  1. რუსეთიდან შემოსულ თითოეულ მოქალაქეს საერთაშორისო პასპორტისა და რუსეთის შიდა პასპორტის (პირადობის მოწმობის) შემოწმების საფუძველზე საზღვარზე დაეკისროს გადასახადი 20 ლარის ოდენობით, თუკი რუსეთის შიდა პასპორტი არ აღმოჩნდა რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების სამსახურის შიდა პასპორტი (გარდა 18 წლამდე ბავშვებისა რომელთა შემთხვევაშიც გადასახადის დაკისრება მოხდება მხოლოდ საერთაშორისო პასპორტის საფუძველზე);
  2. თუკი შემოსვლის მსურველ პირს პასპორტთან ერთად რუსეთის შიდა პასპორტის სახით თან აქვს რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, აღნიშნულ პირს და თითოეულ მის თანმხლებ პირს დაეკისროს გადასახადი 100 ლარის ოდენობით, თუკი მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება საერთოდ მიეცემათ. თანმხლებ პირად ჩაითვლება ოჯახის წევრი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებაში მასთან ერთად მყოფი მგზავრი.
  3. თითოეულ რუსული ნომრის სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც არ ეწევა სავაჭრო ტვირთების გადაზიდვას, დაუწესდეს გადასახადი 50 ლარის ოდენობით.
  4. რუსული საბიუჯეტო სტრუქტურების თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას, ასეთად ამოცნობის შემთხვევაში და მათი საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვის არარსებობის შემთხვევაში, დაუწესდეს გადასახადი 200 ლარის ოდენობით.
  5. ბათუმსა და აჭარის საზღვაო დასახლებებში გადაადგილებისა და პარკირების უფლებისთვის რუსული სანომრე ნიშნის ავტომანქანამ უნდა შეიძინოს სპეციალური საშვი, რომლის შეძენაც შესაძლებელი უნდა იყოს მაღაზიებსა და ავტომატური გადახდის აპარატებში. დაწესდეს მაგალითად სამდღიანი, ერთკვირიანი, ორკვირიანი და სამკვირიანი საშვები. სამდღიანი საშვი - 30 ლარი, ერთკვირიანი საშვი - 60 ლარი, ორკვირიანი საშვი - 100 ლარი, სამკვირიანი საშვი - 150 ლარი. საპატრულო პოლიციას დაევალოს საშვების შემოწმება, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ჯარიმამ უნდა შეადგინოს 200 ლარი.

შემოსული თანხა გადაირიცხოს „პასუხისმგებლობის ფონდში,“ (პირობითი სახელი) რომლის შემოსავლებიც იქნება გამჭვირვალე და რომელიც ყოველთვიურად თანაბრად გაუნაწილდებათ შემდეგ პირებს:

  1. აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აგვისტოს ომის ვეტერანებს ან მათ სამართალმემკვიდრეებს; შეგახსენებთ, რომ ვეტერანები წლების განმავლობაში იღებდნენ თვიურ 22-ლარიან შემწეობას. შემწეობის ოდენობა ბოლო თვეებში გაიზარდა 100 ლარამდე, მაგრამ 100 ლარიც კი, მითუმეტეს დღევანდელი ინფლაციის პირობებში, უბრალოდ სამარცხვინო ოდენობაა და კარგად ასახავს, თუ რამდენად უღირს დღევანდელ სახელმწიფოს საკუთარი მცველების სიცოცხლე და ცხოვრება.
  2. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ინდივიდუალურად, ან ოჯახის ერთ წარმომადგენელს ოჯახში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირთა სულადობის მიხედვით;
  3. საქართველოში 2022 წლის 23 თებერვლის შემდგომ (24 თებერვლის დღიდან) შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ საარსებოდ იღებენ თანხას, ფართს ან სხვა სახის შემოწირულობასა თუ მომსახურებას ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური ორგანიზაციის ან საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირისგან.

იმ შემთხვევაში, თუკი პირი ვეტერანიც არის და იძულებით გადაადილებული პირიც, მას ჩაერიცხოს თანხა ცალ-ცალკე თითოეული სტატუსისთვის.