დროას განცხადება

პოლიტიკური პარტია „დროა“ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების - დონეცკისა და ლუჰანსკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას, ისევე როგორც 2014 წლის ყირიმის ანექსიას. ასევე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში „მშვიდობის დამყარების“ მიზნით სამხედრო ძალის გაგზავნის ბრძანებას.

აღნიშნული წარმოადგენს საერთაშორისო სამართლითა და გაეროს წესდებით განსაზღვრული საბაზისო პრინციპების - საზღვრების ურღვევობის, სახელმწიფო სუვერენიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის უხეშ დარღვევას.

რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ღია განაცხადს საბჭოთა იმპერიის აღდგენის შესახებ, რომელიც ნათელს ჰფენს რუსეთის მიერ წარსულში განხორციელებული აგრესიის რეალურ მიზანს, აგრეთვე, მკაფიოს ხდის კრემლის მოქმედების სამომავალო ტრაექტორიას.

საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის მიწის მიტაცებას (land grab) მოყვება კიდევ უფრო მეტი უნდანაშაულო მსვერპლი, ადამიანური ტრაგედიები, მცოცავი ოკუპაცია, პროპაგანდა, ჰიბრიდული ომის სხვა კომპონენტები, რომლის მიზანიც უკრაინის სახელმწიფოს ჩამოშლა და მიტაცება (state capture) იქნება.

დღეს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ, ვაცხადებთ, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის რუსეთის აგრესიის ადამიანური ფასი. ასევე, განუზომლად დიდი იქნება ის ფასი, რისი გადახდაც ცივილიზებულ მსოფლიოს მოუწევს თუ არ მოხდა რუსეთის შეჩერება და მის მიერ ჩადენილი უსამართლობების გამოსწორება. ჩვენ განუხრელად ვუჭერთ მხარს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიეულ მთლიანობას, აგრეთვე, რეგიონის დემოკრატიული სახელმწიფოების შეუვალ უფლებას, გახდნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მაქსიმალური სიმკაცრით გამოიყენონ პერსონალური, აგრეთვე ეკონომიკური, ფინანსური და დიპლომატიური სანქციები, როგორც მყისიერი, ქმედითი და ერთიანი პასუხი კრემლის აგრესიაზე. ასევე, გაგრძელდეს უკრაინისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება და დაჩქარდეს ბუქარესტში 2008 წელს მიღებკული გადაწყვეტილების განხორციელება - უკრაინისა და საქართველოს ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგაში მოქცევა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეურთდეს თავისუფალი სამყაროს ერთიან პოზიციას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ, რაც არა მხოლოდ მორალური, არამედ პრაგმატული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საბოლოო გაწევრიანებისათვის.