საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენი ხედვა - I პუნქტი


სუსტი რუსეთი და ერთიანი, ძლიერი დასავლეთი, რომლის სასიცოცხლო ინტერესია შავი ზღვის რეგიონის რუსული გავლენისგან გათავისუფლება - ეს იყო ჩვენთვის სასურველი გეოპოლიტიკური სურათი და ის სახეზეა. 

გეოპოლიტიკური გარემოს აღწერა 

უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მიმართ, მნიშვნელოვნად შეცვალა საერთაშორისო გარემო. ნატო და ევროკავშირი ფართოვდება, ჩვენი რეგიონი კი, გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრშია. ტრანსატლანტიკური საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მის უშუალო მეზობლებს, არამედ დემოკრატიას, როგორც მმართველობის ფორმასა და ცხოვრების წესს მთელ მსოფლიოში. დასავლეთის ერთიანობას და უკრაინის მიმართ ურყევ სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, აგრეთვე, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების ხელშეწყობას, სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ადეკვატური გააზრება და ამით შექმნილი გეოპოლიტიკური კონტექსტი განაპირობებს. 

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში დაკარგა 320 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 5000-ზე მეტი ტანკი, 8000-მდე საარტილერიო სისტემა. მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს. რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები ასუსტებს რუსეთის ეკონომიკას. სამხედრო მობილიზაციის შიშის, არასტაბილურობისა და ეკონომიკური ფაქტორების გამო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუსეთი მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. 

მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე დრამატულად მცირდება რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში. სომხეთის პრემიერ მინისტრის 2023 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით, ის ვერ ხედავს სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობის მიზანშეწონილობას. რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მოტივით ყაზახეთში დაიბლოკა რუსული სატელევიზიო მაუწყებლები. მრავალი მცდელობისა და მავნე გავლენის ოპერაციების მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ შეეცვალა პროდასავლური ხელისუფლება მოლდოვაში. რუსეთის, მისი მოკავშირეებისა და სატელიტების აგრესიას დასავლეთი ერთიანი ძალისხმევით უპირისპირდება ახლო აღმოსავლეთში. 

საქართველოს ეროვნული ინტერესი 

საქართველომ შექმნილი სტრატეგიული გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის უნდა გამოიყენოს. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გასვლა უნდა გახდეს რეგიონის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი. მას შემდეგ, რაც კრემლმა სევასტოპოლის პორტიდან გამოძევებული რუსული ფლოტის ოკუპირებულ ოჩამჩირეში განლაგების გადაწყვეტილება მიიღო, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა, რუსეთის სამხედრო აგრესიის შეკავება, შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაციის გარეშე. რეგიონში ხანგრძლივვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის გზა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ინიცირებულ „სამშვიდობო ფორმულაზე“ გადის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია სწორედ უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ხედვის ნაწილი უნდა გახდეს. ამ გზით, შესაძლებელია, საქართველოს ტერიტორიების გათავისუფლება რეგიონული მშვიდობის ახალი შეთანხმების კომპონენტად იქცეს. 

აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია უკრაინასთან სწორი პოლიტიკით და იმ სისხლის ფასად, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები უკრაინის მიწაზე, უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ღვრიან. 

რას გულისხმობს პრეზიდენტ ზელენსკის „სამშვიდობო ფორმულა“? 

1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; 

2. სასურსათო უსაფრთხოება; 

3. ენერგეტიკული უსაფრთხოება; 

4. ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება; 

5. გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა; 

6. რუსული ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა; 

7. სამართლიანობის დაბრუნება; 

8. ეკოციდის წინააღმდეგ ბრძოლა; 

9. ესკალაციის პრევენცია; 

10. ომის დასრულების დადასტურება.