გიგა ლემონჯავა: საქართველო გახდება ნატოს წევრი პროდასავლური კოალიციის პირობებში

დღეს, იმართება ამ თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი NATO-ს სამიტი ვილნიუსში რომელსაც არ ესწრება საქართველოს პრემიერ მინისტრი, რაც საქართველოს მთავრობის ღია პოლიტიკური გზავნილია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. ამ სამიტზე, შავი ზღვის რეგიონის პრაქტიკულად ყველა პროდასავლური  ორიენტაციის ქვეყანა მიიღებს ხელშესახებ, მნიშვნელოვან სარგებელს.

ეს არის სამიტი, რომელზეც, პრაქტიკულად, ხდება NATO-ში გაწევრიანების პროცედურის გადახედვა. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა მიიღებს ნატოში გაწევრიანების სქემას, MAP-ის გამოყენების გარეშე. უკრაინა ასევე მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან პრაქტიკულ მექანიზმებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის.

სად არის ამ დროს საქართველო?! - საქართველოს ხელისუფლების პრო-რუსული პოლიტიკის გამო, საქართველო არ იქნება NATO-ში MAP-ის გარეშე გაწევრიანების სქემის ნაწილი. საქართველო ვერ მიიღებს პრაქტიკულად ვერანაირ პოლიტიკურ ხელშესახებ სარგებელს NATO-ს ვილნიუსის სამიტისგან.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი, თუმცა, ეს არ მოხდება "ქართული ოცნების" რუსული ხელისუფლების პირობებში. ეს აუცილებლად მოხდება პრო-დასავლური, კოალიციური ხელისუფლების პირობებში, რომელმაც უსწრაფესად უნდა შეცვალოს "ქართული ოცნების" რუსული ხელისუფლება. თითოეული დღე რომელსაც ივანიშვილი ატარებს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, აშორებს ქვეყანას ევროკავშირს და NATO-ს. ახლა ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შესაძლებლობების ფანჯრის წინაშე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კიდევ აღარ იქნება, ყოველი დღე ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.