"ბათუმობა 2023", რომელმაც სულისკვეთება დაკარგა

„ბათუმობა 2023“

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის მერიამ სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ ისევ დააანონსა.

შეგვიძლია ციფრებში ჩავშალოთ, თუ რა თანხა იხარჯება ბჯუჯეტიდან.                           ჰონორარები - 136688,81 ლარი ღონისძიების ორგანიზება და ტექნიკური ნაწილის უზრუნველყოფა - 200 000 ლარზე მეტი.

ბათუმში, ამ ამბავს უმრავლესობის მწვავე პროტესტი მოჰყვა, ნაწილი აპროტესტებს ბიუჯეტიდან ამ რაოდენობის თანხის გამოყოფას ერთი ღონისძიებისთვის, ხოლო მეორე ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჰონორარების განაწილების პრინციპი, რომელიც აშკარად დისკრიმინაციულია. დედაქალაქიდან მოწვეული სტუმრების ჰონორარი, ადგილობრივი არტისტების ჰონორარისგან განსხვავებით საკმაოდ დიდია, მაგალითად: ხელისუფლების პროპაგანდისტული არხის, რუსთავი 2-ის ტელეწამყვანს, არჩილ სოლოღაშვილს, ღონისძიების წაყვანაში, ბათუმელი გადასახადის გადამხდელების ფულით - 18 500 ლარს ჩაურიცხავენ. ამავე არხის წამყვანს, თიკა ფაცაციას - 6377 ლარს. სოფო გელოვანს, ანი კეკუას, მარიკო ებრალიძეს, ნოდიკო ტატიშვილს, სალომე ბაკურაძეს, თითოეულს - 4209 ლარს. ადგილობრივი არტისტების უმრავლესობის ჰონორარები - 1020 ლარით შემოიფარგლება.

ბათუმელ მსახიობებსა და ხელოვანებში პროტესტი გამოიწვია, ბათუმის მერის მოადგილის, სოფო ხალვაშის განცხადებამ, რომელიც გააჟღერა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მისი მტკიცებით - ‘აჩიკო სოლოღაშვილს, ამხელა ჰონორარით იმიტომ იწვევენ, რომ ის თან წამყვანია, თან ცეკვავს და თან მღერის, ხოლო ბათუმელი მსახიობები მორცხვები არიან და სცენაზე ვერ იცეკვებენ’ ჩნდება კითხვა, რატომ არის ქალაქის დღესასწაული მხოლოდ გალა-კონცერტი? მაშინ როცა, თავად დღესასწაული „ბათუმობა“ „თბილისობის“ გამოძახილით დაფუძნდა ერთი წლით გვიან, 1980 წელს და თავიდან მას „ყვავილების დღესასწაული“ ერქვა.  კონცეფცია შემდგომში მდგომარეობს: წარმოაჩინოს ადგილობრივი კოლორიტები, კულტურის, ხელოვნების სფეროს ადამიანები, რომლებიც ქალაქის სახელით მასპინძლობენ რიგით ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს, რათა აჩვენონ მათ ქალაქის ისტორია, სუნთქვა, მაჯისცემა, არსი, წარსული და მომავალი. როგორც ხედავთ, წლევანდელი ბათუმობა აცდენილია ამ დღესასწაულის მთავარ სულისკვეთებას და პროვინციული სნობიზმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, ამას ადასტურებს სახელმწიფო ტენდერებისა და შესყიდვების საიტზე ატვირთული ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „გადაუდებელი აუცილებლობით“ განპირობებული ექსკლუზიური ხელშეკრულებით 136688,81 ლარი მხოლოდ ბათუმის მერის მოადგილის კოლეგებსა და მეგობრებს, ანუ მომღერლებს ჩაერიცხებათ ჰონორარის სახით!

გემოვნებაზე არ დაობენ და ნამდვილად ვერ დავაბრალებ ვერცერთ მოწვეულ სტუმარს, რომ ცუდი მუსიკოსია, მით უმეტეს დავით მაზანაშვილს და მის ორკესტრს, რომელსაც ამ ღონისძიების ფარგლებში „ბათუმის კულტურის ცენტრი“ 52 000 ლარს ურიცხავს, მაგრამ რა საჭიროა ამხელა თანხის დახარჯვა, როცა ბათუმში გვყავს ჯაზ-ბიგ ბენდი, რომელიც სწორედ იმავე სახელმწიფო უწყებას ექვემდებარება, ეს ნიშნავს  რომ ის რაშიც ბათუმელების ფული იხარჯება ყოველთვიურად, კონცერტისთვის არ გამოდგება და ამისთვის ცალკე ხარჯია გასაღები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრსაც ჰყავს, სიმფონიური ორკესტრი და რამდენიმე ასეული ადამიანის შემადგენლობის კაპელა, ძალიან კარგი ბენდი ჰყავს ბათუმის უნივერსიტეტსაც, არაფერს ვამბობ, ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლზე.                              

ბათუმის მერია თვლის,  თითქოს არ აქვს იმის  ვალდებულობა მოქალაქეების წინაშე, რომ წელიწადში ერთხელ ანგარიში ჩაგვაბაროს, თუ რაში იხარჯება ხალხის ფული ყოველთვიურად, გარდა ამისა, სახელმწიფო დოტაციაზე არსებული ანსამბლებისა და მუსიკალური კოლექტივების კონცერტის ნაცვლად, კიდევ დამატებით ხარჯს გვიმატებს.

აუცილებლად უნდა შევეხო ქალაქში არსებულ პრობლემებს,  მაშინ როდესაც  წვიმის დაწყებისთანავე  ქალაქის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა პარალიზებულია, ავარიულ სახლებში, ასობით ოჯახს უწევს სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრება, ადლიის დასახლებასა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ღია არხებზე არის კანალიზაცია მიერთებული, მაშინ როდესაც  სოციალურად დაუცველი ოჯახები და მძიმედ დაავადებული პაციენტები ღვთის ანაბარა არიან დარჩენილები,  ბათუმის მერია ჩვენს თვალწინ ასე არამიზნობრივად ხარჯავს დიდი რაოდენობის თანხას, რომლითაც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებისთვის, გარკვეულ შესაძლებლობას შექმნიდა.