პარტია „დროას“ განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე

საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მორიგ ნაბიჯს დგამს. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს, ზედმიწევნით იმეორებს რუსულ პრაქტიკას.

ვლადიმერ პუტინმა სამოქალაქო საზოგადოებაზე კონტროლის გამკაცრება პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს სწორედ უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების რეესტრის შექმნით დაიწყო. „ქართული ოცნება“ ერთი-ერთში იმეორებს კანონის მიღების საბაბს- სამოქალაქო სექტორში მეტი გამჭვირვალობის ხელშეწყობა და დაფინანსების შიდა წყაროების წახალისება.

რუსეთის მსგავსად, „ქართული ოცნების“ პრო-სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ წამოიწყო კამპანია უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, წარმოაჩინა ისინი, როგორც დასავლური სადაზვერვო აგენტები, რომლებიც ცდილობენ მთავრობის პროვოცირებას, მეორე ფრონტის გახსნას, დესტაბილიზაციასა და მთავრობის დამხობას.

ცხადია, არც რუსეთის და არც საქართველოს შემთხვევაში, ხელისუფლების მიზანი გამჭვირვალობის შემოტანა არ არის და არ ყოფილა. პუტინმა კანონი ეტაპობრივად გაამკაცრა, გააფართოვა და ახლა რუსეთის ტერიტორიაზე კრემლისათვის არასასურველი ორგანიზაციების ნებისმიერი საქმიანობა ავტომატურად აკრძალულია.

სამოქალაქო სექტორი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი განადგურება ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. საგანგაშოა, რომ საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებასა და დასავლელ პარტნიორებს ქვეყნისათვის კრიტიკულ დროს უპირისპირდება და ამით კიდევ ერთხელ კლავს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას.