საერთაშორისო მედიაში საგრძნობლად გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების თავის ასარიდებლად გამოიყენება, რაც ე.წ. მეორადი სანქციების დაწესების მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს ვარაუდი გააძლიერა ევროკომისიის პრეზიდენტმა. საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით CNN-ის კითხვის საპასუხოდ, ლეიენმა განაცხადა, რომ სანქციების მე-10 პაკეტი სწორედ იმ ქვეყნებსა და პირებს შეეხებათ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სპეკულაციაა მტკიცება იმისა, რომ საქართველო ამ პაკეტის ნაწილი გახდება.
ამას ორი შესაძლო ახსნა აქვს:
- პერსონალური თუ სექტორული სანქციების დაწესება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრუსელში დარწმუნებულები არიან საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევაში, ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყანა. ნოემბერ-დეკემბერში ევროკავშირმა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელოს. შესაბამისად, გაზაფხულზე სანქციების დაწესება მეტწილად ცვლის სტატუს-ქვოს ამ მიმართულებით და ბლოკის მაღალჩინოსნებს მოუხდებათ საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიის გადახედვა. ამასთან, ევროკავშირს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, დაწესდეს პერსონალური თუ სექტორული სანქციები. პირველ შემთხვევაში, ეს იქნება პასუხი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯებზე, ხალხისა და სახელმწიფოსთვის პერსპექტივის შენარჩუნება და იმ პერსონების დასჯა, რომლებიც მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში რუსულ პოლიტიკას ატარებენ. მეორე შემთხვევაში, ზღვარი იშლება ხალხსა და ხელისუფლებას შორის და სახელმწიფოს მიმტაცებლებთან ერთად სადამსჯელო ზომები იმოქმედებს მთლიანად ქვეყანაზე.
- რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებაში მხილებულია რამდენიმე ქვეყანა, მაგალითად, ჩინეთი და ინდოეთი. ფართო სურათში, ორივე ქვეყანა თუნდაც სავაჭრო თვალსაზრისით გაცილებით დიდი მოთამაშეა. შესაბამისად, შესაძლოა ბლოკმა მეორადი სანქციების დაწესება თავდაპირველად სწორედ დიდი მოთამაშეებით დაიწყოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოხვდება საქართველო მეათე პაკეტში თუ არა, ეს არ მოხსნის კითხვებს ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი პარტიის „ქართული ოცნების“ მიმართ.
ივანიშვილის სანქცირება სერიოზულად დააზიანებს კრემლის ინტერესებს რეგიონში. პერსონალური სანქციები შეიძლება იყოს ივანიშვილის ავტორიტარული ძალაუფლების შესუსტებისა და საქართველოში პროდემოკრატიული ძალების გაძლიერების საფუძველი.
უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილის სანქცირება იქნება პუტინის პოლიტიკური და დიპლომატიური პოზიციების შესუსტება სამხრეთ კავკასიაში. კრემლისთვის ივანიშვილი და მისი რეჟიმი ბუნებრივი მოკავშირეები არიან საქართველოში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაიბლოკა შავ ზღვაზე ანაკლიის სტრატეგიული პორტის მშენებლობა; „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო ორმხრივი დიალოგი მოსკოვთან და საერთაშორისო დონეზე ამტკიცებდა, რომ მოსკოვთან საუბრის გზით შესაძლებელია პრობლემური საკითხების მოგვარება. უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველო არ შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და თავს ესხმის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადანაშაულებს მათ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში იმგვარ ავტორიტარულ ნაბიჯებს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციას აფრხებს.
„ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად გამოცხადების შესახებ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის მხარდასაჭერად, სადაც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენება ნახსენები არ არის. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის სერგეი ლავროვმა, არაერთხელ გამოხატეს კმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ივანიშვილის სანქცირება იქნება მკაფიო გზავნილი რეგიონის ლიდერებისთვის, რომ პუტინის მხარდაჭერა ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ მათ რეპუტაციას, არამედ ფინანსებს.
ივანიშვილის ძალაუფლების ვერტიკალი ემყარება მისი უძლეველობის აღქმას. მისი „თანაგუნდელები“ არ არიან იდეოლოგიური თანამოაზრეები, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მკაფიო იდეოლოგია. ივანიშვილის გუნდის ლოიალობას განაპირობებს მათი ფინანსური დამოკიდებულება და ანგარიშვალდებულება ივანიშვილთან. მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა დროს დასაქმებული იყო ბანკ „ქართუში“. ეს ლოიალობა დამოკიდებულია რწმენაზე, რომ ივანიშვილი არასოდეს დამარცხდება. სანქცირების შემთხვევაში, უძლეველობის ეს მითი დაიმსხვრევა და სავარაუდოა, რომ ძალაუფლების ვერტიკალი ჩამოიშლება. ოლიგარქის სანქცირება მოახდენს მისი პოლიტიკური რეჟიმის დელეგიტიმაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პერსონალური სანქციები იქნება ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნის კიდევ ერთი საშუალება. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა (75%-ზე მეტი) პროევროპელია. პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერასოდეს მოახერხეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ადგილის მოპოვება და მნიშვნელოვანი ელექტორალური მხარდაჭერის მიღება. თუმცა, ბოლო თვეებში ივანიშვილი და ქართული ოცნება პოზიციონირებს როგორც პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლეთის ზეწოლას საქართველოს ომში ჩათრევისთვის. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ იწყებს ანტიდასავლური ელექტორატის მობილიზებას. ივანიშვილისთვის დაწესებული პირადი სანქციები შეასუსტებს პრორუსულ ძალებს საქართველოში და მნიშვნელოვნად გაზრდის პოლიტიკური ოპოზიციის, პროდასავლური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სანდოობას.
ბოლო წლებში საქართველოს ევროატლანტიკური გზა საფრთხეში იყო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის გამო. საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს რუსეთს და აკრიტიკებს უკრაინას. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგიდან ფაქტობრივად გაქრა ნატოში გაწევრიანების საკითხი, ასევე დრის წესრიგის მიღმა დარჩა სამომავლო რეგიონალური უსაფრთხოების ალიანსები (ბრიტანეთ-პოლონეთი-უკრაინის). საქართველო ეტაპობრივად იქცა რუსეთის რეგიონალურ მოკავშირედ. ივანიშვილის წინააღმდეგ პირადი სანქციების დაწესება, მისი ავტორიტარული ძალაუფლების შესუსტება, არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხია, არამედ საერთაშორისო საზოგადოების პირდაპირი ინტერესიც.
თამარ კაკაბაძე
,,დროას'' პოლიტიკური საბჭოს წევრი