გუშინ ჩვენი პარტნიორი ევროპარლამენტარების მხრიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ვერ გამონახა დრო," თბილისში ემასპინძლა ევროპარლამენტარების დელეგაციისთვის. გუშინ ასევე მოვისმინეთ ვლადიმირ პუტინის მოწოდება საქართველოს მიმართ, გამოიტანოს გაკვეთილი უკრაინის მაგალითიდან და გაატაროს უფრო დაბალანსებული პოლიტიკა.
სინამდვილეში საქართველო უკვე 9 წელია, რუსეთის არგაღიზიანების საბაბით, "დაბალანსებულ" საგარეო პოლიტიკას ატარებს, რაც დიდწილად გამოიხატება იმაში, რომ საქართველო თავისი ევროიატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს დასავლეთთან აქტიურად აღარ ლობირებს. პირადად პრემიერი ღარიბაშვილი 2014 წელს BBC-ს ეთერში საჯაროდ დისტანცირდა უკრაინისგან და განაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს შემთხვევები ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მან ასევე დასძინა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ იცოდა, თუ როგორ უნდა მოეგვარებინა ქვეყნის პრობლემები რუსეთთან. თუმცა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგად ვერ მივიღეთ ვერც მცოცავი ოკუპაციის შეწყვეტა, ვერც ჩვენი მოქალაქეების გატაცებების შეჩერება და ვერც სხვა მნიშვნელოვანი დათმობა რუსეთის მხრიდან. სამაგიეროდ, მივიღეთ ის მდგომარეობა, როდესაც ქვეყანა სულ უფრო მეტად არის ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე და როდესაც დასავლეთი აქტიურად საუბრობს ჩვენს მოკავშირე უკრაინაზე, ხოლო საქართველოზე კი - თითქმის აღარ საუბრობს.
დღეს უკრაინა ზუსტად იმ საფრთხის წინაშე დგას, რაც 2008 წელს საქართველოს დაემუქრა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის გარდა, რუსეთის დუმა განიხილავს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებასაც. პარტია „დროა“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს თანადგომა რამდენიმე მიზეზის გამო არის უმნიშვნელოვანესი:
- ჩვენი ქვეყნების უახლესი ისტორიის მსგავსების გამო, დღეს საქართველოს მომავალიც უკრაინაში წყდება ისევე, როგორც უკრაინის მომავალი წყდებოდა საქართველოში 2008 წელს;
- უკრაინა არის საქართველოს გულშემატკივარი ერი, რომელიც აფხაზეთის ომშიც საქართველოს მხარდამხარ იბრძოდა და რომელიც საქართველოს მხრიდან უანგარო მხარდაჭერას იმსახურებს;
- უკრაინის საკითხი დასავლეთის აღქმით გასცდა უკრაინის ეროვნულ ინტერესებს. სულ უფრო ხმამაღლა ისმის ამერიკელი და ევროპელი თანამდებობების პირების მოსაზრებები, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთთან კომპრომისი იგივეა, რაც ბერლინის კედლის აღდგენა ევროპაში;
- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უკრაინის საკითხთან ბმა დღეს პირდაპირ განაპირობებს საქართველოს საკითხის აქტუალობასაც ნატოსა და ევროკავშირში;
- დაბოლოს, უკრაინა, როგორც შავი ზღვის აუზის სახელმწიფო, ფიზიკურადაც არის საქართველოს სტრატეგიული ბმა ევროპასთან.
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ უკრაინისგან დისტანცირებას საქართველოსთვის არ მოაქვს მშვიდობა, იგი უბრალოდ გვაცხოვრებს დროებითი მშვიდობის ილუზიაში. რეალურად კი დღეს ჩვენი სიჩუმე უკრაინის საკითხზე და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება ნიშნავს იმას, რომ ხვალ, როდესაც რუსეთი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ჩვენს გულშემატკივართა რიგებში არ იქნება არც დასავლეთი და არც უკრაინა და ჩვენ, როგორც არაერთხელ ჩვენს ისტორიაში, ისევ მარტო დავრჩებით რუსული ოკუპაციის წინაშე.
პარტია „დროა,“ როგორც დემოკრატიული და ევროატლანტიკური იდეალების ერთგული ძალა, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ურთიერთობის დაზიანება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და უკრაინასთან, საქართველოს რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. რთული წარმოსადგენია, მთავრობის წევრები ამას ვერ აცნობიერებდნენ. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართულად ხორციელდება. თუმცა საქართველოს მთავრობის პასიურობა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ქართველმა ხალხმა ვერ გამოხატოს თავისი სოლიდარობა მოძმე უკრაინის მიმართ და ვერ მიაწვდინოს თავისი ხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ აუცილებელია, უკრაინას სახელმწიფო და ჰუმანიტარულ დონეზე ყოველმხრივ დავუდგეთ გვერდით. „დროა“ სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად აქტიურად იმუშავებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინასთან ბმაში საქართველოს ეროვნული ინტერესების კვლავ წამოსაწევად საერთაშორისო მასშტაბით.