„დროას“ განცხადება სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ

საგანგაშოა პარლამენტში დაგეგმილი 3 საკანონმდებლო ცვლილება, რომელთა მიზანი ერთადერთია -  სახელმწიფოს მიტაცება ინსტიტუტებზე დაუფარავი თავდასხმის გზით. ხელისუფლება ცდილობს, წინა საახალწლოდ, მათი გადმოსახედიდან პოლიტიკურად არააქტიურ პერიოდში, დაიწყოს შეტევა სამი მიმართულებით: გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, გააძლიეროს მოსამართლეებზე რეპრესიები და კვლავ შესაძლებელი გახადოს ცესკოს თავმჯდომარის ერთპიროვნულად 5 წლით არჩევა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები დაჩქარებული წესით და დახურულ კარს მიღმა მომზადდა, რაც გამორიცხავს საზოგადოების ყოველგვარ ჩართულობას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საერთაშორისო პარტნიორების დიდი ჩართულობისა და ძალისხმევის შედეგად, სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის მიზნით შეიქმნა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ახლად შექმნილი ინსტიტუტი ცარიელ ფორმალობად დარჩებოდა, თუმცა სამსახურმა, ლონდა თოლორაიას ხელმძღვანელობით, დისკომფორტი შეუქმნა „ოცნებას“. ლექსო ლაშქარავას, ლუკა სირაძისა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საქმეზე პრინციპული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, პირდაპირ გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი და მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შექმნას.

 

მორიგი დაჩქარებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში უნდა შევიდეს, ფაქტობრივად, აანონსებს მოსამართლეებზე რეპრესიებისა და ცენზურის გაძლიერებას.  უმნიშვნელოვანესია, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ისე საზოგადოებამ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ 17 მოსამართლის მიმართ, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან მუდმივი წნეხის მიუხედავად, გაბედულად აპროტესტებენ ამ ცვლილებებს.

და ბოლოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი, რაც გააუქმებს ფართო კონსენსუსის  საჭიროებას და მმართველ პარტიას გაუადვილებს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებას.

ზემოთ აღნიშნული პროცესები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არცერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს არ დატოვებს თავდასხმის გარეშე. შემდეგი კი ომბუდსმენის აპარატი შეიძლება იყოს.

სწორედ ამიტომ, პარტია „დროა“ მივესალმებით პრეზიდენტის განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ და მოვუწოდებთ დაადოს ვეტო კანონში შესატან ამ და დანარჩენ ორ ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს დაძლევა შესაძლებელია, მსგავსი პოლიტიკური სვლა მკაფიოს გახდის, რომ ერთ მხარეს დარჩენილია „ოცნება“  ხოლო მეორე მხარეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი.

არ უნდა დავუშვათ, ამ პროცესმა შეუმჩნევლად ჩაიაროს, ამიტომ ჩვენ, „დროა“, აუცილებლად  შევხვდებით საერთაშორისო პარტნიორებს, რათა კარგად დავანახოთ, რამხელა ნაბიჯები გადაიდგა უკან იმ პროცესში, რომელშიც ამხელა რესურსი და ძალისხმევა ჩადეს.