პარტია „დროას“ განცხადება ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის შესახებ

22 დეკემბერს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილმა სპეციალურმა ანგარიშმა, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხებოდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვები წლების მანძილზე არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის პირობებში ცხოვრობდნენ. ანგარიში ნათელს ხდის, რომ პანსიონთან დაკავშირებული პროცესები არ დასრულებულა, რადგნ მის ყველა აღსაზრდელს ჯერ კიდევ არ მიუღია შესაბამისი სერვისები და ზრუნვა სახელმწიფოსგან, ხოლო ამ დანაშაულებში მონაწილე პირები არ გასამართლებულან.

ომბუდსმენის ანგარიში ცხადყოფს, რომ პანსიონში მცხოვრები ბავშვები სრულიად მოწყვეტილი იყვნენ გარე სამყაროს, სახელმწიფო სტრუქტურები და  უფლებადამცველი ორგანიზაციები თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ შესვლას. ამის ფონზე კი, ბავშვებს გამუდმებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ უწევდათ ცხოვრება.

ანგარიშში ჩამოთვლილია დასჯის მიზნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები: ცემა, დაბმა, მუხლებზე დაყენება, საჭმლის თავზე დასხმა, საკვებისა და ძილის აკრძალვა. იკვეთება შრომითი ექსპლუატაცია, სექსუალური ძალადობა. შედეგად, ძალადობის ფაქტებმა ბავშვებში გამოიწვია სხვადასხვა ტიპის აშლილობა, თვითდაზიანების ფაქტები. ბევრ მათგანს უჭირს ლაპარაკი, მზერითი კონტაქტი.

მიუხედავად იმისა, რომ თავად აღსაზრდელები ალაპარაკდნენ მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე და სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრა, გამოძიება არაეფექტიანად და ხარვეზებით მიმდინარეობს. აშკარაა გულგრილობა, დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია, პროცესის ხელოვნური გაჭიანურება.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ნოემბრის მონაცემებით, პანსიონში ფაქტობრივად ისევ ცხოვრობს 15 აღსაზრდელი. გარდა იმისა, რომ ჯერ არ მომხდარა მათი ოჯახთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ გარემოში გადაყვანა, ისინი დღემდე ვერ იღებენ ელემენტარულ საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სოციალიზაციასთან დაკავშირებულ სერვისებს.  

უმნიშვნელოვანესია სახალხო დამცველს, მისი აპარატის და ყველა იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის  ჩართულობა, რომლებიც იბრძოდნენ პანსიონიდან ბავშვების გამოსაყვანად. ერთობლივმა მუშაობამ, პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა, არ უნდა ჩათვალოთ, რომ ამით ყველა პრობლემა გადაიჭრა.

 

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა ბავშვების მიმართ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებში, ამ დანაშაულისთვის ხელის შეწყობასა თუ მის მიჩქმალვაში. პასუხი უნდა აგოს ყველამ, დაწყებული სახელმწიფო სტრუქტურებით, რომლებსაც ევალებოდათ ბავშვებზე ზრუნვა, დამთავრებული პანსიონის თითოეული აღმზრდელითა თუ თანამშრომლით.

გამომდინარე, იქიდან, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პანსიონის აღსაზრდელების საჭიროებების დაკმაყოფილება და დღესაც არღვევს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებებს, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ფართო საზოგადოებამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მათი უფლებებისთვის.