უკვე ერთ წელზე მეტია რაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სითი ინსტიტუტი“ ბათუმის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობს. ორიოდ დღის წინ მათ პირველი ეტაპი დაასრულეს და დაინტერესებულ საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინეს.
„ზღვაში არეკლილი ქალაქი“ - ასეთი მეტაფორული სათაური მოუფიქრეს კონცეფციის ავტორებმა გენგეგმას. სახელი ნამდვილად პოეტურია, უხდება ზღვისპირა ქალაქს, თუმცა მთავარი კითხვა მაინც ისაა, რას აირეკლავს ეს ზღვა? ანუ როგორი ქალაქის პროექციას შემოგვთავაზებს 5 და 10 წლის შემდეგ? - ევროპული, თანამედროვე, ლანდშაფტთან შეხამებული არქიტექტურის, თუ ბეტონის ჯუნგლების? პროექტზე მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაცია ნამდვილად დამაიმედებელია, თუმცა, რამდენად იქნება პოლიტიკური ნება, კორუფციაში ჩაფლული ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რომ სპეციალისტების დაკვეთა შეასრულონ, უკანონობას მიჩვეული ხარბი „ინვესტორების“ მადა ალაგმონ და ქალაქის „კონსტიტუციას“ არ გადაუხვიონ?
ბათუმი საქართველოში გამჭიდროების კოეფიციენტით ყველაზე სწრაფად მზარდი ურბანული ცენტრია. სულ რაღაც 10 წელიწადში, მყუდრო, ევროპული ზღვისპირა ქალაქი ცათამბჯენების მექად იქცა. ბუნებრივია, შენება განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ბათუმელები თუ ჩამობრძანებული სტუმრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქალაქი ქაოტურად, ულოგიკოდ ვითარდება. ამის მიზეზი კი კორუფციასთან და მშენებელი კომპანიების მზარდ ინტერესებთან ერთად, ის გახლავთ, რომ ქალაქს არ გააჩნია განვითარების არანაირი კონცეფცია, არანაირი სტრატეგიული გეგმა. განაშენიანების მარეგულირებელი კანონმდებლობა კი მოძველებულია და კორუფციული გარიგებებისთვის ბევრ ხვრელს ტოვებს. თუმცა, პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო, მოქმედი რეგულაციებიც ხშირად ირღვევა. ის მუნიციპალური და რეგიონული ორგანოები კი, რომელიც ხალხის და კულტურული მემკვიდრეობის ინტერესებს უნდა იცავდნენ, ანგარების გამო, უკანონო მშენებლობების დამცველებად თავად გვევლინებიან. შედეგად მივიღეთ სისტემა, რომელშიც ინვესტორი კი არ ერგება ქალაქის განვითარების საჭიროებას, კანონმდებლობას არგებენ ინვესტორის ინტერესებს. ამის ნათელი დასტური კი გახლავთ ე.წ. „სამშენებლო ამნისტიის კანონი“ რომლის პროექტიც აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ამა წლის მარტში დაარეგისტრირეს პარლამენტში. ამ კანონის მიხედვით ყველა ის აშენებული უნებართვო ობიექტი „გაპრავდება“ რომელიც კოეფიციენტების გარდა სხვა მოქალაქეთა უფლებებსაც არღვევს. თავად ბათუმის გენგეგმის ავტორებმაც მწვავედ გააკრიტიკეს და თქვეს, რომ გენგეგმაზე მუშაობის პროცესში მისი დამტკიცება მიუღებელია. რადგან ახალ რეალობას ქმნის და ის კოლოსალური სამუშაო, რაც სპეციალისტებმა გასწიეს, წყალში ჩაიყრება, რადგან გამოვა, რომ გენგეგმა შედგენილი იქნება ძველი მონაცემებზე დაყრდნობით. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქგანვითარების მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც წინასწარ უნდა განსაზღვრავდეს სად რა და როგორ უნდა აშენდეს, პოსტ ფაქტუმ, ასობით ახალი უკანონო მშენებლობის დამტკიცების შემდეგ, უკან მიდევნებული ლამპარის ფუნქციას შეასრულებს. როგორც ეს მოხდა ბათუმის ბულვარის გენგეგმის შემთხვევაში, რომელშიც ბათუმელებმა ერთ მილიონ ლარზე მეტი გადავიხადეთ და იმის გამო რომ „ამბასადორი“ და სხვა ხელისუფლებასთან აფილირებულიკომპანიების ბიზნეს ინტერესები ვერ ჯდებოდა ამ დოკუმენტის ჩარჩოებში, საკრებულომ ის საერთოდ არ დაამტკიცა, არასავალდებულო, „სარეკომენდაციო დოკუმენტად“ ცნო და თაროზე შემოდო
.
სავარაუდოდ, ბათუმის გენგეგმაც იგივე ბედს გაიზიარებს, რადგან ხელისუფლება უსმენს და ემსახურება ქართული ოცნების შემომწირველ „ბიზნესმენებს“ და არა სპეციალისტებსა და მოსახლეობას. ეს დოკუმენტი რომ წინასწარ განწირულია, ამას ერთი მაგალითი მოწმობს: გენგეგმის ავტორებმა სათაურად „ზღვაში არეკლილი ქალაქი“ იმიტომ აირჩიეს, რომ სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ბათუმის ნახევარკუნძულის კონცხს გააჩნია შორიდან აღქმადი კონტურები, იერსახე. ქალაქის ჩრდილოეთის მხრიდან მოახლოვების შემთხვევაში იშლება რივიერის უმშვენიერესი ხედი, კონცხზე სიმეტრიულად ჩამწკრივებული პანორამული ბორბალი, ანბანის კოშკი, რედისონი რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.
იმ პერიოდისთვის კი, როცა გენგეგმა დასრულდება, ბენზეს დასახლებაში, ზღვაში აშენდება ე.წ. „ამბასადორის პალმის კუნძული“ რომელიც დაეფარება ბათუმის კონცხს და ხელს შეუშლის მისი რივიერას აღქმას, ანუ, ეს იქნება „ზღვაში არეკლილი ქალაქი“, რომელის პროექციასაც ვერცერთი რაკურსით ვეღარ დავინახავთ. ზღვა 3000-წლიანი ისტორიის ქალაქის ნაცვლად დუბაიდან უგემოვნოდ გადმოკოპირებული თორნიკე რიჟვაძის ფანტაზიის ნაყოფს აირეკლავს.
პარტია „დროა“-ს წაარმომმადგენლები აქტიურად ვაკვირდებით გენგეგმის მზადების პროცესს და მაქსიმალურად ვიბრძოლებთ, რომ ამ ულამაზეს ევროპულ ქალაქს შეუნარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა, ჰქონდეს ღირსეული მომავალი და სწორი განვითარების სტრატეგია, რომელიც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით მტკიცედ იქნება დაცული.