ჩვენთვის, პოლიტიკური პარტიისთვის “ელენე ხოშტარია - დროა”, უმნიშვნელოვანესია, არსებულ, მკვეთრად დაპირისპირებულ პოლიტიკურ სივრცეში გადაკვეთის წერტილები შევქმნათ. ვიყოთ ის ძალა, რომელიც გააერთიანებს მოქალაქეებს საერთო მიზნების, იდეების და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალისა, თუ პერსონის სიძულვილის გარშემო.
გვსურს, „დროას“ მთავარი საყრდენი და მამოძრავებელი ძალა იყოს არა ერთი ლიდერი, ან ერთი მსხვილი დამფინანსებელი, არამედ ადამიანები მთელი საქართველოდან. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსები დონაციების საშუალებით მოვიძიოთ.
კარგად გვაქვს გააზრებული, რომ შემოწირულობები განუზომლად დიდ ანგარიშვალდებულებას გვაკისრებს თითოეული მხარდამჭერის წინაშე. არ გვეშინია ამ პასუხისმგებლობის, მეტიც, გვჯერა, რომ ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო განვამტკიცოთ კავშირი საზოგადოებასთან და არასდროს დავდგეთ მოქალაქეებისგან გაუცხოების საშიშროების წინაშე.
ამ ტიპის თანამონაწილეობა აუცილებლად შეუწყობს ხელს პოლიტიკურ პროცესებში ინდივიდების რეალურ ჩართულობას და იდეების გარშემო ფართო საზოგადოების გაერთიანებას.